გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს.
„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.
თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.