საქართველოში სომხეთიდან და ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა მცირდება. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
ივნისი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სომხეთის 417 019 მოქალაქე ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22.7 ათასით ნაკლებია. სომხეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის კლება აპრილში დაიწყო.
ზაფხულის პერიოდში ირანიდან 98 702 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2017 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 ათასით ნაკლებია. ვიზიტორთა კლება ივნისიდან დაიწყო, აგვისტოში კი, საქართველოს ირანიდან წინა წლის შესაბამისი თვის მონაცემზე 24.4 პროცენტით ნაკლები მოქალაქე ესტუმრა.
ვიზიტორთა რაოდენობა აგვისტოში საუდის არაბეთიდანაც შემცირდა, საიდანაც 16 406 ვიზიტი განხორციელდა (წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 8.4 პროცენტით ნაკლები). ივნის-ივლისში კი, საუდის არაბეთიდან დადებითი ტენდენცია ფიქსირდებოდა.
მთლიანობაში 2018 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი-აგვისტო) საქართველოში 3 061 338 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი განხორციელდა, რაც შარშანდელ ზაფხულთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტია.