საქართველოში შვედეთის ელჩი - საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შეკავებისა და ოკუპაციის გადაჭრის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს
საქართველოში შვედეთის ელჩი - საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შეკავებისა და ოკუპაციის გადაჭრის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს

ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, შვედეთის თანამშრომლობის გაღრმავება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და საქართველო-შვედეთის მჭიდრო თანამშრომლობა, – ამ საკითხებზე საუბრობს საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ულრიკ თიდესტრომი საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

დიდი მადლობა, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. დავიწყოთ მთავარი თემით, ომით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ შვედეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორ აფასებს შვედეთის მთავრობა ომს და რა გეგმა აქვს კრემლის აგრესიის შესაჩერებლად?

დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ აღდგომას და მშვიდობას გისურვებთ! დიახ, ეს არის არაპროვოცირებული, ყოვლად გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის ბრუტალური ომი, რომელსაც თან ახლავს უამრავი ადამიანის ტანჯვა და სამხედრო დანაშაულის გამოკვეთილი ნიშნები. ამ ომმა ევროპის უსაფრთხოება ფუნდამენტურად შეცვალა, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმა, არამედ თავდასხმა თითოეულ სახელმწიფოზე, რომელსაც საკუთარი მომავლის განსაზღვრა დამოუკიდებლად სურს; ეს არის თავდასხმა თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ფასეულობებზე. ასე ხედავს შვედეთი ამ ომს და გმობს რუსულ აგრესიას ყველა დონეზე. ჩვენი რეაგირება ომზე სამი მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ: უკრაინელი ხალხის დახმარება და მხარდაჭერა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და შვედეთის გაძლიერება. ამ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხთა ერთიანობა შვედეთსა და ევროკავშირში, ასევე სახელმწიფოების ერთიანობა თავისუფალ სამყაროში. ომამდეც შვედეთი უკრაინის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ჩვენ გავზარდეთ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ ჰუმანიტარულ კატასტროფის ფონზე. სულ მცირე, 20 მილიონ უკრაინელს სჭირდება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება. ვიღებთ უკრაინელ ლტოლვილებს, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ უკრაინის ლეგიტიმურ უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი. შესაბამისად, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, უკრაინას ვაწვდით სამხედრო აღჭურვილობას.

საბჭოთა კავშირის მიერ ფინეთის დაპყრობის შემდეგ, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა შვედეთი სხვა სახელმწიფოს ამ ფორმით ეხმარება. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დავუწესეთ. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა სანქციათა ხუთი პაკეტი აამოქმედა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზეწოლამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი შეუშალოს და სამხედრო მოქმედებების დასრულება აიძულოს. მესამე ნაწილი კი, რუსეთის შეკავების პროცესში შვედეთის ძლიერებაა. ჩვენ ვერ ვხედავთ შვედეთზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმის დიდ საფრთხეს, თუმცა ამ ომმა მთელი ევროპის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. მინდა აღვნიშნო, რომ შვედეთი, საქართველოს მსგავსად, რუსული დეზინფორმაციისა და კიბერშეტევის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. მათი მიზანია ჩვენი დაშინება, დაყოფა, გაჩუმება, მაგრამ  რუსეთი შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან ჩვენ ერთიანი ვართ, როგორც სამოქალაქო, ასევე თავდაცვის სფეროში. ამის საპასუხოდ,  ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ენერგოუსაფრთხოებასა და სამხედრო სფეროს. გაიზარდა თავდაცვის ძალების წარმომადგენლობა და მზაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვაღრმავებთ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში ფინეთთან და ცხადია, ნატო-სთან.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს შვედეთსა და ფინეთში. ახალი კვლევების თანახმად, გაიზარდა ნატო-ს მხარდამჭერთა რაოდენობაც შვედეთის მოსახლეობაში. რა მოლოდინი არსებობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი შვედეთის უსაფრთხოების სფეროში?

არსებულ ვითარებაში შვედეთის მთავრობა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციებს მართავს პარლამენტში. მიზანია, ერთობლივად გააანალიზონ, რა საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესია და ინტერვენცია ჩვენი ქვეყნისთვის, რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ცხადია, ამ კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობის საკითხი. სწორედ ამ კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს, რომელი სამხედრო ფორმატით, თანამშრომლობით თუ წევრობით იქნება უზრუნველყოფილი შვედეთის უსაფრთხოება. მთავრობა და პარტიები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს რეგულარულად მართავენ და ანგარიში მაისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

თქვენ ახსენეთ დეზინფორმაცია, რომელიც კრემლიდან ვრცელდება. ჩვენ მართლაც საინფორმაციო ომის ეპოქაში ვცხოვრობთ. საინტერესოა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის რა სტრატეგია აქვს შვედეთს, რა მეთოდებით ებრძვით ყალბ ახალ ამბებს და დეზინფორმაციას?

დიახ, ჩვენი ერთგვარი სტრატეგიაა მოსახლეობაში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების ამაღლება. შვედეთში სკოლიდანვე სწავლობენ, რომ ყველაფერი, რაც არასანდო მედიასა და სოციალურ ქსელში იწერება, სიმართლე არ არის და ინფორმაცია უნდა გადაამოწმონ. არსებულ ვითარებაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა გადამწყვეტია. ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შვედეთში მართლაც დიდი როლი აკისრია. მინდა აღვნიშნო, რომ შვედური მედიის მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობა ძალიან მაღალია.

მინდა, გკითხოთ საქართველო-შვედეთის ურთიერთობაზე. როგორც ვიცი, შვედეთი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია ჩვენი ქვეყნისთვის. რა მიმართულებით ღრმავდება ურთიერთობები და რა ფორმით უწყობს ხელს შვედეთი საქართველოს გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში?

ჩვენ საქართველოსთვის ძალიან ახლო მეგობარი ქვეყანა ვართ. მე ვიტყოდი, რომ მხარდაჭერის პროცესში სამი პრიორიტეტი გვაქვს:

პირველი, – ეს არის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოსადმი რუსეთის აგრესიის შეკავებისა და ოკუპაციის გადაჭრის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს. ამას ვაკეთებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ერთ-ერთი მთავარი მონაწილის სახით, ვაღრმავებთ თანამშრომლობას საქართველო-შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში. ორი კვირის წინ შვედეთის თავდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა საქართველოში.

მეორე პრიორიტეტია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში. ჩვენი მხრიდან საქართველოს მოსახლეობის ევროპულ არჩევანს უდიდესი მხარდაჭერა აქვს. ალბათ გახსოვთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი 12 წლის წინ პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივა იყო, რომლის ფარგლებშიც საქართველომ  ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ შვედეთი საქართველოსთვის რიგით მესამე დონორი სახელმწიფოა, რომელსაც ამ დროისთვის სხვადასხვა პროექტში ერთი მილიარდი ლარი აქვს ჩადებული. ყველა ამ პროექტს ერთი საერთო აქვს, შეუწყოს ხელი საქართველოს განვითარებასა და ინტეგრაციას ევროსტრუქტურებში. ჩვენი მიზანია, გაძლიერდეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, – ის, რაც ჩვენი საერთო ღირებულებებია. ჩვენ ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებზეც და ცხადია, ეკონომიკის სფეროშიც. საქართველოში არაერთი შვედური კომპანიაა წარმოდგენილი, რომელმაც, საერთო ჯამში, 20 ათასამდე სამუშაო ადგილი შექმნა.

მესამე კი გახლავთ ალბათ თანამშრომლობის განზომილებაში ყველაზე მთავარი, – ადამიანებს შორის ურთიერთობა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად უამრავ ქართველ ახალგაზრდას ჩვენი სტიპენდიით შვედეთში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა.

ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენი შეფასებით, რამდენად წარმატებულად მიდის საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე?

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ერთი მხრივ, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოსა და შვედეთისთვის საფრთხის დონე გაიზარდა, მეორე მხრივ კი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცა. პირველი ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიარა, როცა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა. შვედეთი და ევროკავშირი ყოველთვის მხარს დავუჭერთ, როგორც საქართველოს მიმართ საფრთხის შეკავებას, ასევე მის ინტეგრაციას. თუმცა არის საკითხები, რაც თავად საქართველომ უნდა გააკეთოს თავდაცვისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველ რიგში, ესაა მთელი ქვეყნის ერთიანობა, ზუსტად ისე, როგორც გერბზე წერია: „ძალა ერთობაშია“. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ერთგულება ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი, – კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები და საბოლოოდ, საერთაშორისო დღის წესრიგით გაწერილი რეფორმების გატარება. ეს ყველაფერი კი საქართველოს იმისთვის სჭირდება, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე შეაკავოს და ევროკავშირის წევრი გახდეს.