დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. „გაიგე შენი აივ სტატუსი“ – გაერო-ს შიდსის პროგრამის მოწოდებით, ეს არის 2018 წლის დევიზი ამ დღესთან დაკავშირებით. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. შიდსის ცენტრის მონაცემებით საქართველოში აივ/შიდსის შემთხვევების ტენდენცია მზარდია და 7000 შემთხვევას გადააჭარბა.
2018 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 7380 შიდსის შემთხვევა, აქედან 5526 მამაკაცი ხოლო 1854 ქალია. როგორც ცნობილია, პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყეობს. ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, წელს 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე მეტი აივ-ინფიცირებული ადამიანი არის თბილისში, შემდეგ სამეგრელოში.
„ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 40%-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გზით აქვს გადაცემული, 50%-ს აჭარბებს უკვე ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემა, ასევე ძალიან სწრაფად იზრდება ჰომოსექსუალური გზით გადაცემის მაჩვენებელი. ანუ შიდსის გადაცემის თვალსაზრისით მეორე პლანზე გადადის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. წინა პლანზე იწევს ჰეტერო და ჰომოსექსუალური კავშირები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დღევანდელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც ამ საკითხს აქტიურად აშუქებენ, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“, ვებგვერდი 1TV.GE და მარი მალაზონიას გადაცემა „პირადი ექიმი“.