საქართველოში შემოსვლის წესები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვისაც გამკაცრდება
საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.