საქართველოში შემოსულ ფულად გზავნილებში რუსეთის წილი შემცირდა, ევროკავშირის კი გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 123,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 17,1 პროცენტით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
სიაში პირველ ადგილზეა რუსეთი, საიდანაც აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობამ 35.3 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე საბერძნეთი (14.9 მილიონი დოლარი), მესამეზე კი იტალიაა (14.5 მილიონი დოლარი). ხუთეულშია ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის აპრილთან შედარებით, ფულად გზავნილებში რუსეთის წილი 33,4 პროცენტიდან 28,5 პროცენტამდე შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 29,7 პროცენტიდან 35,2 პროცენტამდე გაიზარდა. მათ შორის, გაზრდილია საბერძნეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის წილი.