საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ივლისში მილიონს გადააჭარბა
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზრდა გასულ წელთან შედარებით 10.5 პროცენტია. 2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1 039 027 ვიზიტი შედგა. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი, 845 588-ზე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში, ზრდა 10.7 პროცენტია.
ამასთან, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი ამ პერიოდში, 1 მილიარდ 661 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 305 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.