საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წელს 9.3 მილიონს გადააჭარბა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამ წუთებში საზოგადოებას 2019 წლის ანგარიშს წარუდგენს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები შეაჯამა. მიმოიხილა 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემები.
2019 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ცხრა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1 პროცენტია.
რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ხუთი მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტია.
2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარი.