საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქარის ენერგეტიკას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტზე, რომელთა დასრულების შემდეგაც საქართველოს ენერგობალანსში ქარის ენერგეტიკის წილი გაიზრდება. ამდენად, ჩვენ მივესალმებით და ხელს შევუწყობთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ქარის ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილების წარმოების დაწყებას. მით უფრო, როდესაც პროექტის პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს საქართველოს უმსხვილეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში „დელტა“, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი პერსონალითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

ხელმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და მას ასევე ხელი მოაწერეს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, მამუკა მიქაშავიძემ.

ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ისე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან. ახალი საწარმო „დელტას“ სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნესწრეებთან, საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით, ელექტროენერგიის მიღებასა და მოსახლეობისათვის მიწოდების სწრაფი განვითარებისათვის.