საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა
ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელმა საბჭომ საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი პოლონური კულტურის პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიური კვლევების მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ყოლბაიამ მიაწოდა.
ლეხ კონჩაკი კარგად არის ცნობილი ქართულ სამეცნიერო წრეებში, როგორც გამორჩეული, ფართო მასშტაბის ადამიანი, საქართველოს მეგობარი. მისი მხარდაჭერით არაერთი სამეცნიერო პროექტი შეიქმნა საქართველოსა და პოლონეთში. მათ შორის ქართულ-პოლონური ერთობლივი არქეოლოგიური კვლევითი ცენტრი; საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის პოლონეთის წამყვან გამომცემლობებში გამოცემა. მის სახელს უკავშირდება ქართველი მხატვრებისთვის ზიგმუნდ ვალიშევსკის სახელობის პრიზის დაარსება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის კულტურისა და ხელოვნების დარბაზის გახსნა.
წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტში ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.