საქართველოში პირველად თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი „ჩვენებურები“ იმართება
საქართველოში პირველად თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი „ჩვენებურები“ იმართება

საქართველოში პირველად თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი – „ჩვენებურები“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორის ინიციატივით იმართება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

„ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ საქართველოს სამეწარმეო გარემოს, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ მექანიზმებს, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ფორუმის ფარგლებში ასევე მოხდება საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების წარდგენა.

აღნიშნული ბიზნესფორუმი კარგი პრეცედენტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის მხრიდან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით, როგორც დიასპორული ინვესტიციების განხორციელების, ასევე, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნესწრეების დაინტერესების თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი „ჩვენებურები“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რიგით მეოთხე მასშტაბური ღონისძიებაა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.