საქართველოში პირველად სივრცითი დაგეგმარების ფორუმი მიმდინარეობს
საქართველოში პირველად სივრცითი დაგეგმარების ფორუმი მიმდინარეობს

საქართველოში პირველად სივრცითი დაგეგმარების ფორუმი ტარდება.

კონფერენცია „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

მან საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეკრებილ საზოგადოებას სივრცითი დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის ეროვნულ დონეზე გატარების შესახებ პრეზენტაცია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ წარუდგინა. მან ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრეებს, კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ტექნიკური დავალების მონახაზი განიხილება. ამ მიზნით ექსპერტები საქართველოში არსებული სივრცის დაგეგმვის მდგომარეობას გააანალიზებენ, დაასაბუთებენ ქვეყნის სივრცის დაგეგმარების საჭიროებას, გაეცნობიან ტექნიკური დავალების მონახაზს და სივრცის დაგეგმარების საკვლევი არეალების გაცნობის მიზნით, შერჩეულ ლოკაციებს ესტუმრებიან; მომდევნო ეტაპზე, ექსპერტები თემატურ ჯგუფებში განაწილდებიან.

სამუშაო თემატიკა განსახლების სისტემას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურას, სივრცით და ქალაქთმშენებლობით კანონმდებლობას, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ განვითარებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მართვას მოიცავს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება განიხილება, რომლის მიხედვითაც თემატური ჯგუფები საბოლოო დასკვნებსა და პრეზენტაციებს წარმოადგენენ. მომზადებულ მასალაზე დაყრდნობით კი დასკვნითი რეზოლუცია შემუშავდება.

კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სივრცითი ფორუმი 25 აპრილს გაიხსნა და ოთხ დღეს გაგრძელდება.