საქართველოში პერუს ელჩი - ვფიქრობ, თქვენს დიპლომატებს ტრენინგი ჩავუტაროთ, როგორ წარმოადგინონ თქვენი ქვეყანა მიმზიდველ ტურისტულ ადგილად
ვფიქრობ, თქვენს დიპლომატებს ტრენინგიჩავუტაროთ, როგორ წარმოადგინონ თქვენი ქვეყანა მიმზიდველ ტურისტულ ადგილად, – ამის შესახებ საქართველოში პერუს ელჩმა, მარიას მილაგროს კასტანიონ სუანემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოსა და პერუს შორის სავაჭრო, ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ელჩმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბრენდად შეფუთვის და საერთაშორისო არენაზე მისი ცნობადობის გაზრდის საკითხი, რაშიც პერუელი დიპლომატები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. მარიას მილაგროს კასტანიონ სუანეს თქმით, ამ მიზნით ისინი სპეციალურ ტრენინგებს გადიან და კარგი იქნებოდა, ეს ცოდნა ქართველი კოლეგებისთვის გაეზიარებინათ.
„უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ტურისტული ოპერატორებისთვის არის, თუ როგორ შევფუთავთ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილს. ამ მიმართულებით, ძალიან აქტიური სააგენტო გვაქვს, მაგრამ მას ყველგან არა აქვს წარმომადგენლობა. ასეთი წარმომადგენლობა არის მოსკოვსა და თურქეთში, მაგრამ საქართველოსა და აზერბაიჯანში ასეთი ფილიალები არ არის. მე ამ სააგენტოს წარმომადგენელი ვარ აქ და ყველას გავლილი გვაქვს ტრენინგი, თუ როგორ წარმოვადგინოთ პერუ მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ვფიქრობ, კარგი იქნება, თქვენს დიპლომატებს ტრენინგი ჩავუტაროთ, თუ როგორ წარმოადგინონ თქვენი ქვეყანა მიმზიდველ ტურისტულ ადგილად. ამ მხრივ, აუცილებელია ბრენდის შექმნა. ჩვენ ყველანი მოხიბლული ვართ ჩვენი ბრენდით და ვატარებთ მაისურებს, რომელზეც ეს ბრენდია აღბეჭდილი. ეს დაგვეხმარა პერუ ყველგან ტურისტული დანიშნულების ადგილად წარგვედგინა. მომეწონა თქვენ ამ მიზნით ეკრანზე ფოტოებს რომ ათავსებთ, მაგრამ კიდევ ბევრი სხვა რამის გაკეთება შეიძლება. პერუ ტურისტებს დამატებით ძალიან ბევრ საინტერესო რამეს სთავაზობს. შესაბამისად, ბევრი მიმართულებაა, რაშიც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ტურიზმიც, რადგან ამ კუთხით ერთმანეთისაგან უამრავი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ“, – განუმარტა ელჩმა „ბიზნესპარტნიორს“.