საქართველოში პერუს ელჩი - საქართველოსა და პერუს ტურიზმის მიმართულებით საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ
საქართველოსა და პერუს ტურიზმის მიმართულებით საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. ორივეს შეუძლიათ, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ერთმანეთს ბევრი რამ ასწავლონ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებების გააქტიურების საკითხიც დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ საქართველოში პერუს ელჩმა, მარიას მილაგროს კასტანიონ სუანემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოსა და პერუს შორის სავაჭრო, ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მარიას მილაგროს კასტანიონ სუანემ აღნიშნა, რომ საქართველოში ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების დაახლოების მიზნით ჩამოვიდა, რაშიც პირველ რიგში ტურიზმი იგულისხმება. სწორედ ამიტომ პერუს ელჩი მიმდინარე კვირაში საქართველოში მოქმედ ტუროპერატორებთან შეხვედრასაც გეგმავს. ელჩი სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებების გააქტიურების პერსპექტივასაც განიხილავს. მისი თქმით. ამ კუთხით არსებულ პოტენციალს ის რამდენიმე ქართველ მეწარმეს სპეციალურ ვახშამზე გააცნობს.
„დღეს საქართველოში იმიტომ ვარ, რომ ჩვენს საერთო ინტერესებს გავუსვა ხაზი, როგორიც გახლავთ პერუს, როგორც ტურისტული ცენტრის დაწინაურება სამხრეთ ამერიკაში და ეს პოტენციალი საქართველოსაც აქვს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პერუს ამ მიმართულებით საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ. მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად შორს ვართ, მაგრამ მანძილი არც ისე შორია, გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. მიმდინარე კვირაში ტურისტულ ოპერატორებთან ლანჩი გვაქვს დაგეგმილი. ვახშამი გვექნება სამეწარმეო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელთან, რადგან გვსურს, მათ პერუში ინვესტიციების ჩადებისა და იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობები გავაცნოთ. გვსურს, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფორმატში ამჟამად არსებული პროექტები წარვუდგინოთ“, – განაცხადა საქართველოში პერუს ელჩმა.
გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ პერუ მისი კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, ქართველი ტურისტებისთვის საოცნებო ადგილია, თუმცა მანძილი, პირდაპირი ავიამიმოსვლის უქონლობა და სავიზო რეჟიმი ტურისტულ მიმოსვლას აფერხებს.
მარიას მილაგროს კასტანიონ სუანეს მიაჩნია, რომ ვიზა რეალური პრობლემა არ არის და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპის წარმატებით გავლა პერუსა და საქართველოს შორისაც გაამარტივებს ურთიერთობებს.
„ვიცი, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადახვედით და ეს უკვე კარგია. პერუც სწორედ იმავე ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, როცა ევროკავშირთან ამ ეტაპს გაივლით, ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება, რომ საქართველოსთან ამ მიმართებითაც დაახლოებით იგივე ნაბიჯები გადავდგათ. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საერთაშორისო ეკონომიკური განვითარება პერუზე ადრე დაიწყეთ, ორივე ერთი მიმართულებით მივდივართ. გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, კანადასთან, მექსიკასთან, იაპონიასთან და ესპანეთთან. ლიმაში მოხვედრის გზები თქვენთვის რთულია, მაგრამ პერუელსაც არა აქვს პირდაპირ აქ მოხვედრის შესაძლებლობა. თუმცა პერუში მოხვედრის ძალიან ბევრი გზა არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.