საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში, და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა, „ომიკრონი“ მსოფლიოს კიდევ 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.