საქართველოში ნოემბრიდან ბენზინგასამართი სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება
საქართველოში ნოემბრიდან ბენზინგასამართი სადგურების მასშტაბური შემოწმება დაიწყება

საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განაცხადა.

„ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება უკავშირდება საავტომობილო საწვავის მოხმარებას. იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად შესაბამისობაშია საწვავი იმ ნორმებთან, რაც დადგენილია ქვეყანაში, წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ საწვავის კვლევას. არსებობს გარკვეული ნორმები შემადგენლობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ მასშტაბური შემოწმება“, – განაცხადა კორკოტაძემ.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 80 ბენზინგასამართ სადგურს შეამოწმებენ და 240 სინჯს აიღებენ.

„სინჯების ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. შემოწმებები განხორციელდება გაუფრთხილებლად, მივალთ კონკრეტულ სადგურთან და საწვავის სინჯებს ავიღებთ. 10 დღე დასჭირდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ცხადია, ამ ინფორმაციას გავასაჯაროებთ. ეს იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

კვლევის შედეგად, გვეცოდინება მთელი საქართველოს მასშტაბით რა ხარისხის საწვავი მიეწოდება მანქანებს. თუ აღმოვაჩენთ, რომ საწვავის ხარისხი არ არის შესაბამისი ნორმებთან, ამისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს შესაბამისი სანქცია. თუ რეალიზაციის პროცესში შეუსაბამობას აღმოვაჩენთ, კომპანია 8 000 ლარით დაჯარიმდება“, – განაცხადა კორკოტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს პირველი კვლევისას 10 სადგური შემოწმდა.

„პირველი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა დამაბინძურებელი ნივთიერება, რომელიც საწვავშია, დღეს მოქმედ რეგულაციებთან ნორმაში იყო.

საწვავს ვამოწმებთ გოგირდის, ტყვიის შემცველობაზე, ასევე დგინდება ოქტანობა რამდენია. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში გადამეტებული იყო. სამი კომპანია დაჯარიმდა ამის გამო. 2014 წლიდან ვახორციელებთ კვლევებს და ტყვია არც ერთხელ აღმოჩენილა საწვავში.
ვამოწმებთ როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სადგურებს, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.