საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის
საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის

საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ შეხვდება. ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

„აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმვლობაში შესაძლოა, ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს მისი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ჯერ შესწავლის პროცესშია“ – აცხადებს ჯაღმაიძე.

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველოს საპატრიარქოს სინოდის მოწვევა, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამ შეხვდრას მსგავსი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

„ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და ალბათ, აზრები ორმხრივად გამოითქმება“ – განაცხადა ჯაღმაიძემ.