ანდრია ჯაღმაიძე - მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება
ანდრია ჯაღმაიძე - მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება, – ამის შესახებ​ ​​საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

​მისი თქმით, ავტოკეფალური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამობრძანდა. რა თქმა უნდა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საუბარი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ძირითადი თემა ეს იქნება. ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ეს არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და რომელიც სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე განცხადებით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია, სინოდის ყველა წევრი ერთმნიშვნელოვნად ერთ აზრზე დადგეს. ამასთან, აღნიშნა, რომ შეხვედრას რამდენიმე სინოდის წევრიც დაესწრება.

„ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია, სინოდის ყველა წევრი ერთმნიშვნელოვნად ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე. მათთვის შეფასება და ჩვენი ეკლესიის აზრიც საინტერესოა. ზოგადად მოვლენები სწრაფად ვითარდება, სხვადასხვა ეკლესიას თავისი შეფასება აქვს, ზოგს მკვეთრი, ზოგს თავშეკავებული. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენთან არ ხდება ასეთი ვიზიტი, ყველა ეკლესიის აზრის შეჯერება ხდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.