საქართველოში მსოფლიო ბაზრის ტოპ ბიზნესაქსელერატორი - 500 Startups შემოდის
მსოფლიო ბაზრის ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. პროექტის მიზანი ქართველი სტარტაპერების ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა.
მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე 500 Startups ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის უკვე გაფორმდა.
ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, პროექტის განხორციელება ქართველ სტარტაპერებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.
„მოხარული და ამაყი ვართ, რომ სწორედ „საქართველოს ბანკის“, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.0
500 Startups მსოფლიოში ტოპ ბიზნესაქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, „სილიკონ ველიში“ ხუთი გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა.