საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები განათავსონ სასტუმროებში და კვებით უზრუნველყონ
საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები განათავსონ სასტუმროებში და კვებით უზრუნველყონ

საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურებიან და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ.

დარგობრივი ასოციაციები მზადყოფნას გამოთქვამენ, საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები განათავსონ სასტუმროებში და კვებით უზრუნველყონ.

ამასთან, მათი თქმით, განხილვის ეტაპზეა უკრაინიდან დაჭრილების, ბავშვებისა და ქალების მიღების, ასევე ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფის საკითხიც.

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციები და ჩვენი წევრები, პირველ ყოვლისა, ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ საომარ მოქმედებებს, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრების მიმართ და სრულ თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად უკრაინელ ხალხს.

გაჩერებული საჰაერო მიმოსვლის გამო, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. ომის დაწყებისთანავე, რამდენიმე კომპანიამ, კერძო პირმა თუ ასოციაციის წევრმა, საჯაროდ გამოხატა მზაობა გვერდში დაუდგნენ უკრაინელ მოქალაქეებს და შესთავაზეს როგორც საცხოვრებელი ფართები, ასევე საკვები. ჩვენ, ასოციაციები, ჩვენს თითოეულ წევრს მოვუწოდებთ, რომ საკუთარი საქმიანობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, გამოხატონ მზაობა გვერდში დაუდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილ უკრაინელი ხალხს და საჭიროებისამებრ, უსასყიდლოდ შესთავაზონ საკუთარი სერვისები, იქნება ეს კვება, სამედიცინო მომსახურება, თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ეს იქნება ის მინიმუმი, რომელიც უმძიმეს ვითარებაში მყოფი, სამშობლოდან შორს დარჩენილი ადამიანებისთვის, რომელიც ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის მოქალაქეთათვის“, – აღნიშნულია დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის, საქართველოს სასტუმროების ასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციისა და საქართველოს საცალო ვაჭრობის ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში.