საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო 
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო 

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

შესაბამის დოკუმენტს 308 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 218 იყო.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო წლებში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში მყარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარების, ძალადობისა და დევნის მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის თანამშრომლებისა და მესაკუთრეების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გულდასმით გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მედიის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობისკენ წაქეზებაზე, რაც აღმოფხვრის ამგვარი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შთაბეჭდილებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს სტრატეგიული სამართლებრივი სარჩელების გამოყენება ადამიანის უფლებების დამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც ემსახურება მათი კრიტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის შეფერხებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც უნდა ითვალისწინებდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, პოლიტიკური შეხედულებების გამჭვირვალე მედია მესაკუთრეობასა და პლურალისტულ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივ მაუწყებლებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები გმობენ მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა“. ტექსტის თანახმად, ეს საქმე უკვე 2019 წლიდან უარყოფითად იყო შეფასებული საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან.

„ევროპარლამენტი მიესალმება ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოწოდებას, ნიკა გვარამიას საბრალდებო განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით; ხაზს უსვამს სასწრაფო აუცილებლობას, რომ მთავრობამ ნამდვილად წინ წაწიოს სასამართლო რეფორმა ფართო და ინკლუზიური პარტიათაშორისი პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან და დისკრიმინაციული მოპყრობისგან მედიის წარმომადგენლების მიმართ და თავიანთ საჯარო განცხადებებში ადვოკატირება გაუწიონ ტოლერანტულ მიდგომას ადამიანის უფლებების პატივისცემით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი აარიდოს აგრესიული რიტორიკის გამოყენებას, მედიის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და საკუთარ განცხადებებში მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.

„მტკიცედ დაგმოს 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარშზე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სამართლებრივი დევნისა ან დეტალური გამოძიების მუდმივი დანაკლისი. ასევე დაჟინებით აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენ პირთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ არის დაშვებული, რადგან ეს არღვევს როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს და მოუწოდებს 5 ივლისის ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ. გმობს ლგბტქი+ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაგრძელებას, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად, პრაქტიკულად აამოქმედოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკიმინაციული კანონმდებლობა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ფარული ჩანაწერების სკანდალის ეფექტური გამოძიება და აამოქმედოს შესაბამისი მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების ზედამხედველობისთვის.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟურნალისტებისთვის, მედიასაშუალებების თანამშრომლებისთვის და მედიაორგანიზაციებისთვის უსაფრთხო, ხელსაყრელი სამუშაო გარემოს გარანტიების საჭიროებას, როგორც საკანონმდებლო ფორმით, ისე პრაქტიკაშიც, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც რუსეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან თავშესაფარს ეძებს, ამიტომ აქეზებს საქართველოს, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, რაც შესაბამისობაში იქნება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი აქებს ნინო ლომჯარიას, სახალხო დამცველს, მისი ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართული იყო მედიის თავისუფლების დაცვისკენ, მიუხედავად მთავრობის რეგულარული თავდასხმებისა.

ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი აცნობიერებს, რომ საქართველოში არის მრავლფეროვანი და პლურალისტული მედიალანდშაფტი, მაგრამ მწუხარებას გამოთქვამს განსაკუთრებით მწვავე ურთიერთობების გამო მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებსა და პროსამთავრობო მედიას შორის. ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედიალანდშაფტის პოლარიზაციის გამო, რაც ასახავს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და დამაზიანებელ პოლარიზაციას.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების განხორციელებისგან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს. გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში და გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის, დაუცველი ჯგუფების ან პირების წინააღმდეგ, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანები და პოლიტიკური პარტიები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებისკენ“.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციული მცდელობების გამოყენებისგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას. მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებისკენ და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში.

ევროპარლამენტის ტექსტში ნათქვამია, რომ „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში“.

„ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ საინფორმაციო მედიის სექტორის ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენოს თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, განახორციელოს საქართველოს მოსახლეობის ამბიციური ევროპული მისწრაფებები, როგორც მოწმობს ქვეყნის 2022 წლის 3 მარტის ევროკავშირში წევრობის განაცხადი. გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს განხორციელებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშავონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, საბოლოოდ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში დამოუკიდებელი ექიმების დასკვნის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო საქმეები აღძრული იყო სხვა მსხვილი კრიტიკული მედიასაშუალებების მესაკუთრეების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის; კერძოდ, 2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ და პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი, ვახტანგ წერეთლის მამა, დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მათი განაჩენი შემსუბუქდა, ვინაიდან თაღლითობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან დემონსტრანტს ძალადობრივად დაესხნენ თავს ძირითადად ულტრამემარჯვენე აქტივისტები „თბილისის პრაიდის“ მსვლელობის გაშუქების დროს, რომელიც საბოლოოდ იძულებით გაუქმდა. ასევე, დოკუმენტში საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე. რეზოლუციის თანახმად, „ალექსანდრე ლაშქარავა თავდასხმიდან მალევე გარდაიცვალა მიღებული დაზიანებების გამო“.

ევროპარლამენტარებმა ასევე რეზოლუციაში დაამტკიცეს შესწორება, რომელშიც ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების განხილვისკენ.

შესწორებაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის კრემლთან გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ; ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“.