საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გარდა, დავით კეზერაშვილზეც არის საუბარი
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ევროპარლამენტის წევრები გმობენ მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა“.
დოკუმენტის თანახმად, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა.
რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ეს საქმე უკვე უარყოფითად იყო შეფასებული საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან 2019 წელს.
„ევროპარლამენტი მიესალმება ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას საბრალდებო განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით; ხაზს უსვამს სასწრაფო აუცილებლობას, რომ მთავრობამ ნამდვილად წინ წაწიოს სასამართლო რეფორმა ფართო და ინკლუზიური პარტიათაშორისი პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერების მიზნით, იმ ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან მედიის წარმომადგენლების მიმართ და თავიანთ საჯარო განცხადებებში ადვოკატირება გაუწიონ ტოლერანტულ მიდგომას ადამიანის უფლებების პატივისცემით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სასამართლო საქმეები იყო აღძრული სხვა მსხვილი კრიტიკული მედიასაშუალებების მესაკუთრეების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის წინააღმდეგ.
ამავდროულად, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს“.