საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება
საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნდა.
დადგენილების თანახმად, კომისია „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და დანერგვის ხელშეწყობისთვის იქმნება, მის შემადგენლობაში კი იქნებიან: ჯანდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე; მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე.
დადგენილების თანახმად, კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით მონაწილეობა ეთხოვებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქვეყნის წარმომადგენლობას; გაერო-ს ბავშვთა ფონდის ქვეყნის წარმომადგენლობას; აზიის განვითარების ბანკის ქვეყნის მისიას; მსოფლიო ბანკის ქვეყნის წარმომადგენლობას; გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას; ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობას; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს.
დადგენილების მიხედვით, კომისიის ამოცანაა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განახლება; „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
კომისია უფლებამოსილია, განახორციელოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; COVAX Facility-სთან კომუნიკაცია ეროვნული კოორდინატორის მეშვეობით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კოორდინაცია, ექსპერტების, საქართველოს პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა კომისიის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით.