საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარ-ტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს ცხელების შესაბამის ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ასევე ფართოვდება შესაბამისი რისკჯგუფები, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე ტემპერატურითა და რესპირატორული სიმპტომებით, ანუ იმ სიმპტომებით, რაც დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის. მათ შორის, საუბარია სურდოზე, სუნთქვის გაძნელებაზე და ა.შ.
„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პერიოდულ ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით, ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ერთ-ერთი წყარო – ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის კლინიკებისა და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე სასწრაფოს თანამშრომლები. აქ თანდათანობით გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე ორ კვირაში, სხვადასხვა კლინიკის, რეანიმაციული განყოფილებებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებში მყოფი, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ასევე დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და რადგან უკვე საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ასევე, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი. თანდათანობით, მეორე ეტაპზე, უკვე პირველი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი. 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და სამიზნე არის, რომ სადღაც ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 და შემდგომ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მათ შორის, მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ფრონტოფისებში მომუშავე სპეციალისტები, იგივე იუსტიციის სახლებში მომუშავე პირები, ანუ სადაც მოსახლეობასა და ადამიანებს მეტი შეხება აქვთ, რომ გამოვრიცხოთ და ამ ადამიანებს პერიოდული ტესტირება ჩავუტაროთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.