საქართველოში კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი პისიარტესტი ჩატარდება
საქართველოში კორონავირუსზე დღეში 1000-ზე მეტი პისიარტესტი ჩატარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამიერიდან ქვეყანაში კორონავირუსზე ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ტესტი ჩატარდება პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ტესტირება მიზნობრივია და ინფიცირების ჯაჭვის ამოცნობაც ეფექტურად ხდება.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს დღესდღეობით გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და ასევე, შემდეგში, რა თქმა უნდა, მის მკურნალობასაც. აქედან გამომდინარე, არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება იმ ჯაჭვის ამოცნობა, როდესაც ხდება პაციენტის მხრიდან მის კონტაქტებზე ინფორმაციის გადაცემა, თუმცა, დღევანდელი მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჯიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი პისიარტესტი, ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება უფრო მეტად გაფართოებული ეს ტესტირებები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.