საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
ამასთან, ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
„საერთო ჯამში ცხრა გამოჯანმრთელებული გვყავს, რაც ძალიან კარგია. სამი-ოთხი პაციენტი არის, რომლის გამოჯანმრთელებასაც უახლოეს დღეებში ველოდებით“ ,- აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულ 31 პაციენტს, გოგინავას თქმით, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში არ უარესდება, დანარჩენები კი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდებიან.
„რაც შეეხება დანარჩენ 31 პაციენტს, ოთხი პაციენტია მათგან მძიმედ შეფასებული, რომელთაც აქვთ პნევმონია, თანდართული ქრონიკული დაავადებები. თუმცა დინამიკაში მათი მდგომარეობა ერთი დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ფასდებიან, როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტებად“ ,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ცხრა გამოჯანმრთელებულია.