საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული პირები იტალიაში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდნენ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა პაციენტი უკვე მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, კლინიკურად ყველაზე მეტად საყურადღებოა მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა.
„დღეს ეპიდემიოლოგებმა ინტენსიურად იმუშავეს ყველა კონტაქტის დასადგენად და ყველა კონტაქტი დადგენილია. ზოგიერთი კონტაქტი შეფასებულ იქნა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა, მათგან აღებულ იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და დღის მეორე ნახევარში გაიტესტნენ ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი კავშირშია იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი შემთხვევა აღმოჩნდა დადებითი. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად, ოჯახური შემთხვევები, როდესაც ყველა ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. ამიტომ, დღევანდელ საღამოს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევა. ყველა შემთხვევა ამ ეტაპზე კლინიკურად გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ გუშინ დადასტურებული მეოთხე შემთხვევა, შედარებით წინა სამ შემთხვევასთან, საყურადღებოა კლინიკურად. მიმდინარეობს მასზე კლინიკური მეთვალყურეობა და მკურნალობა. დანარჩენი ხუთი ადამიანი დღეს მოთავსდა ინფექციურ საავადმყოფოში. მათზე მიმდინარეობს კლინიკური მეთვალყურეობა და კვლევები. ლაბორატორიულად ისინი გამოკვლეულები არიან და დაუდასტურდათ კორონავირუსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ შემთხვევებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არ არიან.
მისივე თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი, დანარჩენი კონტაქტების კვლევა კი გრძელდება.