საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან, შვიდი შემოტანილია, კიდევ ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს განეკუთვნება, ათი შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული გაფართოებული კვლევისას გამოვლინდა, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
ეზუგბაიას თქმით, იმპორტირებული შვიდი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„24 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ხუთი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტებია, ათი შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას დადასტურდა. ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიმდინარეობს კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის „კოვიდ“-ცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს.