საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების პირველი ჰაბი დაფუძნდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე „აჭარა ჯგუფსა“ და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „თბილისს“ შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ცენტრისთვის გადაცემულ შენობა ნაგებობაში განთავსდება ჰაბი.
„ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი“ თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „თბილისის“ ათწლიანი გამოცდილების შემაჯამებელ პროექტს წარმოადგენს. ცენტრის მიერ წარდგენილმა პროექტმა „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება“ გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა. პროექტი კლასტერების შექმნასა და მისი განვითარებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვას გულისხმობს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ჰაბის ჩამოყალიბებამ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი ინდუსტრიების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების მდგრად განვითარებას.
„ხელოვნების და ინოვაციების ჰაბი“ წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ პროექტს, რომელიც ერთ ფიზიკურ სივრცეში შექმნის ჰიბრიდულ გარემოს და შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაციის მიხედვით გააერთიანებს ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროდან – სახვითი ხელოვნება, ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია, არქიტექტურა, დიზაინი, რეწვა, გასტრონომია, კულინარიული ინდუსტრია და სხვა.
ახალ სივრცეში გაიხსნება საგამოფენო მულტიფუნქციური სივრცე, ბავშთა განვითარების სივრცე, მედიასახელოსნო, შემოქმედებითი სტარტაპები, სახელოსნოები და ბიბლიოთეკა.