იტალიის ელჩი - ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მთავრობის წევრებთან როცა ვსაუბრობ, ვხედავ, რომ შედეგების მისაღებად მტკიცე ნება არსებობს
საქართველოში იტალიის ელჩის, მასიმილიანო დ’ანტუონოს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო ევროკავშირისა და წევრი ქვეყნებისთვის.
როგორც იტალიის ელჩმა აღნიშნა, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს შეასრულებს.
„საქართველომ მოიპოვა უმნიშვნელოვანესი ეტაპი, გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ახლა შესასრულებელია ცხრა ნაბიჯი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. როგორც იცით, გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბრიუსელში დელეგაციასთან ერთად. ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო ევროკავშირისა და წევრი ქვეყნებისთვის იმ მნიშვნელოვანი ინიციატივების განმარტების თვალსაზრისით, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან კიდევ უფრო დაახლოებას ეხება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება. მთავრობის წევრებთან როცა ვსაუბრობ, ვხედავ, რომ მტკიცე ნება არსებობს ამ შედეგების მისაღებად“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.
რაც შეეხება ოქტომბერში გასამართ არჩევნებს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეფასებით, საარჩევნოდ პროცესების ორგანიზება ძალიან კარგად მიმდინარეობს.
„ეს არის პროცესი, რომელიც ქართველებმა უნდა განახორციელონ. პროცესის ორგანიზება ამ დროისთვის ძალიან კარგად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მიმართ დიდი ყურადღება იქნება ევროკავშირისგან, წევრი ქვეყნებისგან, საერთაშორისო მხარეებისგან, ოდირ-ისგან და სადამკვირვებლო მისიებისგან. ამ არჩევნებზე პირველად იქნება ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი, რომელიც არჩევნების ჩატარების მოწინავე მეთოდია. დარწმუნებული ვარ, არჩევნების ორგანიზება საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, მონაწილეობა მიიღოს მასში და დემოკრატიულად გამოხატონ საკუთარი არჩევანი. რა შედეგიც უნდა იყოს და ვინც უნდა გაიმარჯვოს, საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირი და იტალია მზად არიან, ითანამშრომლონ გამარჯვებულ მთავრობასთან“, – განაცხადა მასიმილიანო დ’ანტუონომ.
ამასთან, როგორც იტალიის ელჩმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა „საქართველო და იტალია ერთად უკეთესი კვების მრეწველობისთვის“, ხელს უწყობს იტალიისა და საქართველოს შორის პარტნიორობას ვაჭრობის სფეროში.
„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან პირველი ღონისძიებაა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი 15 იანვარს. ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს იტალიისა და საქართველოს შორის პარტნიორობას ვაჭრობის სფეროში. მიხარია, რომ ორ თვეზე ნაკლებ დროში ჩვენ უკვე მსგავს შეხვედრებს ვაორგანიზებთ. ვაჭრობა და ექსპორტი ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს. ასე რომ, იტალიისთვის ვაჭრობა და კომერცია ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ ბაზრებს. იტალიის მთავრობა ხედავს დიდ შესაძლებლობას, ეს პარტნიორობა განავითაროს საქართველოში. მოგეხსენებათ, საქართველო ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს პარტნიორობის საკითხებში. საქართველოში იტალია, როგორც ექსპორტიორი ქვეყანა სურსათისა და სასმლის ინდუსტრიის დარგში, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და პირველია ევროპულ ქვეყნებს შორის. ეს აჩვენებს თანამშრომლობის მნიშვნელობას. კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა დეკემბერში, მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპულ კომპანიებთან სინერგიის შესასწავლად, რათა მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების ევროპულ სტანდარტებთან მორგება, ხოლო იტალია, ძირითადად, არის პირველი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ამ სტანდარტების მიღწევაში“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.