საქართველოში იტალიის ელჩი - პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების მეტი შესაძლებლობა შეიქმნება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ენრიკო ვალვოს მოუსმინეს.
ელჩმა იტალიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
„როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით. პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა ვალვომ.
ელჩმა გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველო-იტალიის ურთიერთობების მეტად განვითარებაზე.
ასევე, ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ნაყოფიერი ურთიერთობა.
„უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება იყოს შესაძლებლობა უფრო მეტი დაახლოებისთვის. იქნება ეს პოლიტიკის, თუ სანქციების თვალსაზრისით, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას. მიუხედავად ზემოხსენებულისა, გამკლავება ნახსენებ გამოწვევებთან საკმაოდ გართულებული იქნება. ახლა გვჭირდება ერთიანი ძალისხმევა, რომელიც გაგვაერთიანებს უფრო მეტად, ვიდრე ეს ხდებოდა წარსულში. ასევე, ცხადია, რომ რადიკალური ტრანსფორმირება რეალობის, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ, საჭიროებს ცვლილებას ევროპის ინსტიტუტებში და ასევე დამფუძნებელი შეთანხმებების ფარგლებშიც. ნატო არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი, რომ გავუმკლავდეთ ყველა საფრთხეს, თუ საშიშროებას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის და ქარტიების საფუძველზე. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ და გავაფართოვოთ დემოკრატია და კანონის უზენაესობა გლობალურ ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ნაყოფიერი ურთიერთობა. ხანგრძლივი პარტნიორობა ალიანსთან. ალიანსი მადლიერია იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველომ მხარდამჭერ მისიებში განახორციელა, მაგალითად, ავღანეთში. ასევე, ჩემთვის ღირებულია პოლიტიკური დიალოგი რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში შავი ზღვის აუზში და ეს არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენი შეხედულებით არსებული ჩარჩო თუ ინსტრუმენტები ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, როგორც შავი ზღვის აუზის საკითხებზე, ასევე სხვა ატლანტიკურ საკითხებზე სამუშაოდ“, – განაცხადა ელჩმა.