საქართველოში გერმანიის ელჩმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა
საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, Covid-სიტუაცია საქართველოში ხელსაყრელია. მისივე თქმით, გერმანიაში კარანტინის წესები შემსუბუქდა ჩამომსვლელთათვის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველოა.
„ვინც საქართველოდან გერმანიაში ჩადის, უკავშირდება ქალაქის სამედიცინო უწყებას ადგილსამყოფელის მიხედვით და იღებს მითითებებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოს. გერმანიის მთავრობის გაფრთხილებები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დროებით ძალაშია. ეს არ ნიშნავს მოგზაურობის აკრძალვას“, – აღნიშნა ელჩმა.
რაც შეეხება კრიზისის შემდეგ ეკონომიკურ შანსებს, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ბევრი კომპანია ფიქრობს მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციაზე.
„ეს შანსია საქართველოსთვისაც. ჩვენ გვსურს, გერმანულ კომპანიებს კვლავ გავუღვივოთ საქართველოში ინვესტირების ინტერესი“,-აღნიშნა ელჩმა.
„იმედი მაქვს, რომ გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდი, 2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე, ევროპაში ის პერიოდი იქნება, როდესაც ჩვენ დავიწყებთ იმ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც პანდემიამ გამოიწვია. – ამ სამუშაოში მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება საერთაშორისო სოლიდარობა ევროკავშირში და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებთან“, – განცხადა ქნირშმა.
ამასთან, მისივე თქმით, გარდა აკადემიური განათლებისა, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიული განათლების არსებობა. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ელჩის თქმით, 8 მარტის შეთანხმების მიღწევის საქმეში წვლილი შეიტანეს დიპლომატებმა, როგორც ფასილიტატორებმა.
„ეს იყო შეთანხმება, რომელიც პარტიების წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით და სიხარულით იქნა მიღწეული. პირველ რიგში ეს ეხება იმ კარგ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ისინი შეთანხმდნენ. კარგი იქნებოდა, თუ ეს შეთანხმება ახლა პარლამენტში ასევე ერთობლივად განხორციელდება. კარგი საარჩევნო სისტემა არ არის საჩუქარი, რომელსაც მთავრობა ან ოპოზიცია ხალს უკეთებს. ეს მოქალაქეების უფლებაა“,- განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
გიორგი რურუასთან დაკავშირებით კი, ელჩმა აღნიშნა – „მე ვიცავ იმ წესებს, რომლებიც გერმანიაში გვაქვს – მიმდინარე სასამართლო პროცესებზე არ ვსაუბრობთ. ეს მოსამართლეების საქმეა“.