საქართველოში გაზსაცავის ამოქმედების ვადამ 2024 წლამდე გადაიწია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაფუძნებული „საქართველოს გაზსაცავის კომპანიაში“ ამბობენ, რომ ტენდერის ფარგლებში გრძელდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა დაიწყება.
„მიმდინარეობს ტენდერში შემოსული წინადადებების შეფასება. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი მრავალი დაზუსტება, გამომდინარე გაზსაცავის პროექტის რთული ხასიათიდან. საკმაოდ მოცულობითი სამუშაო უკვე ჩატარებულია. ტენდერი ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება. ვვარაუდობთ, რომ კონტრაქტორი კომპანია გამოვავლინოთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. 2020 წლის მეორე კვარტალში იგეგმება სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყება, რომლის ფარგლებში გაიბურღება ორი საკვლევი ჭაბურღილი. იქნება მოპოვებული გეოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით მოხდება პროექტის დახვეწა. პირველი ფაზის დასრულებას ვვარაუდობთ 2021 წლის ბოლოსთვის. შემდეგ დაიწყება მასშტაბური სამშენებლო სამუშაო. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლას ვვარაუდობთ 2024 წლის დასაწყისისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „საქართველოს გაზსაცავის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა იმედა კახიანმა.
გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმება და მასში 300-მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებენ.