საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო მეორე იმპორტირებული შემთხვევაა.
მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ აღნიშნულ პაციენტთან დაავადების პროგრესირება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მცირე კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც ინფექციურში მკურნალობენ, ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ძირითადად საშუალო და მსუბუქი პაციენტები ჰყავს.
ამაჟამად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კოვიდდადასტურებული 21 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ცენტრებში კი კვლავ 140 პაციენტი რჩება.
„გუშინ იყო 893 შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი და გახდა 895. გამოჯანმრთელებულებიც დაგვემატა ორი და ამჟამად არის 741. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილი შემთხვევაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.