საქართველოში ფასდაკლების კვირეული SPA & WELLNESS იწყება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, პროექტი Discount Week-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციზე განაცხადა.
ჩოგოვაძის განცხადებით, ფასდაკლების კვირეულში ჩართულია 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი.
მისი თქმით, ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.
ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებით სარგებლობას. იგი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში.