საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „ფაიზერს“ აქვს ინსტრუქციაში 16 წლიდან ზემოთ აცრა, დღეს ყველა სხვა ვაქცინით იცრება 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობა.
„ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.
მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან, იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიზრდება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“ და შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.