საქართველოში ექიმების მხარდამჭერი აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართება
18 მარტს მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად გაიმართება აქცია სახელწოდებით „მადლიერების ტაშის”.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აივნებიდან ტაშით გაამხნევებენ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
„მადლიერების აქცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ, კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო, სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით.
ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს მოქალაქეები ამ მიზნით 18 მარტს, 21:00 საათზე გაერთიანდებიან“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.