საქართველოში ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა სავარაუდოდ ზამთრიდან ზაფხულზე გადავა
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზაფხულის პერიოდში (აპრილი-სექტემბერი) უფრო მატულობს, ვიდრე ზამთრის პერიოდში (ოქტომბერ-მარტი) და 2024 წლიდან საქართველო, სავარაუდოდ, ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. ამის შესახებ სემეკ-ის 2018 წლის ანგარიშშია საუბარი. პროგნოზი 2006-2018 წლების ტენდენციას ეყრდნობა.
სემეკ-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ხასიათდება სეზონურობით – ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულის პერიოდში, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება სეზონურობის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება.
„სიტუაცია 2024 წლიდან, სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის იმპორტის წილის შემცირება, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნა ზაფხულის პერიოდში გადმოინაცვლებს, როდესაც არსებული ადგილობრივი რესურსების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მისი დაკმაყოფილება. მეორე მხრივ, გენერაციის ახალი ობიექტების ქვეყნის ენერგოსისტემაში გაშვებით შესაძლებელი იქნება ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის შემცირება“, – აღნიშნულია ანგარიშში.