საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველ წელს საშუალოდ 4.8 პროცენტით იზრდება
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათ წელიწადში, ყოველწლიურად, საშუალოდ 4.8 პროცენტით იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წლიურ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 7.6 პროცენტი გაიზარდა, ხოლო 2016 წელთან შედარებით – 15.9 პროცენტით.
ამასთან, სემეკ-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ზრდის მაჩვენებლები.
„ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით – 5.5 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 5 პროცენტით გაიზარდა; 2009-2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) საშუალოდ იზრდება 3.9 პროცენტით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
სემეკ-ის ცნობით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 5.2 პროცენტითაა მომატებული. ამასთან, 4 პროცენტით იყო შემცირებული აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია.
დოკუმენტში საუბარია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტზეც. 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით – 0.8 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.1-ჯერ გაიზარდა. 2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.55-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. ამასთან, ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელზე 14.1 პროცენტით, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელს 5.36 პროცენტით აღემატება.
სემეკ-ის მონაცემებით, 2018 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 63.96 მეგავატი იყო, მათ შორისაა 5 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.