საქართველოში თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 59.5 პროცენტით ნაკლებია.
თებერვალში საქართველოში შემოსული ვიზიტორების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
ამავე ინფორმაციით, თებერვალში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში შედგა აზერბაიჯანიდან (ზრდა 12.8 პროცენტი), თურქეთიდან ( ზრდა 3.8 პროცენტი), სომხეთიდან (კლება 18.2 პროცენტი) და რუსეთიდან (კლება 25 პროცენტი).
ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59.5 პროცენტს აღწევს. იანვარ-თებერვლის პერიოდში კი, ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი დაფიქსირდა, ამ შემთხვევაში კლება 2.2 პროცენტია.
საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 9 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 4 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვარს საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.