საქართველოში ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს აქვს დადასტურებული.
„მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები არიან ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი.
ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა „პისიარ“ ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი.
„ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.
ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი“,- განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას.