საქართველოში ბაზრობებმა და მოლებმა დღეიდან მუშაობა განაახლეს [ფოტო]
საქართველოში დღეიდან მუშაობა განაახლა ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტმა, მათ შორის, ბაზრობებმა და მოლებმა.
სავაჭრო ობიექტებს გარკვეული პირობების დაცვა მოუწევთ. მოლებში ვენტილაციის სპეციალური მოთხოვნებია. უნდა იყოს სუფთა, გარედან მოწოდებული ჰაერი დასაშვებზე 40 პროცენტით მეტი. რაც შეეხება ბაზრებს, ბაზრებში უნდა განხორციელდეს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი და თერმოსკრონინგი. ასევე, სავალდებულოა, ე.წ. დახლებთან მოეწყოს დამცავი ბარიერები, რომლებიც შეამცირებს კონტაქტს მესამე პირებთან.
19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელის, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა.
შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის განახლება.
11 მაისიდან საქართველოში გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, გარდა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლის მოვაჭრე ობიექტებისა. შეზღუდული რჩებოდა მოლების ფუნქციონირებაც. დღეიდან აღნიშნული შეზღუდვა სრულად მოიხსნა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუშაობას ყველა სახის სავაჭრო ობიექტი შეძლებს.