საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დაიწყო. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და საბჭოს წევრები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდნენ.
ატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დახვდნენ.
საქართველოში ნატო-ს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელია, როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.