აშშ-ის კონგრესის ოთხი წევრი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სახაზინო მდივან სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავს და ამერიკელი ბიზნესის დაცვისკენ, ასევე რუსეთთან და ირანთან ივანიშვილის კავშირების შეფასებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია წერილის თანაავტორის, სენატორ ტედ კრუზის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. პრესრელიზს თან ახლავს პომპეოსა და მნუჩინისთვის განკუთვნილი წერილის ტექსტი, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ტედ კრუზთან ერთად ხელს აწერენ სენატორი ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯოდი ერინტონი და მარკვეინ მალინი.
წერილში ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო და სახაზინო მდივნებს მოუწოდებენ, ჩაატარონ ბრიფინგი საქართველოში მმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საპასუხოდ, კერძოდ კი, საქართველოს „უკანონო ფინანსურ კავშირებზე ამერიკის მეტოქეებთან და მტრებთან, მათ შორის ირანთან, რომელიც ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ბიზნეს ინტერესებს“.
„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებისა და პოტენციური უკანონო ფინანსური საქმიანობის გამო. ჩვენს განსაკუთრებულ და მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულ მეტოქეებთან და მტრებთან, რომლებიც ჩვენს გეოსტრატეგიულ და ბიზნეს-ინტერესებს აზარალებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები დასავლური ბიზნესისთვის გაიზარდა.
კარგ მმართველობასთან დაკავშირებულმა ამ საკითხებმა პირდაპირ გამოუთხარა ძირი ამერიკული კომპანიების ოპერირებისა და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას. ტეხასური კომპანია „ფრონტერა რესურსი“ საქართველოს ნავთობისა და გაზის მზარდ სექტორში უმსხვილესი ამერიკელი ინვესტორია. მათ ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადეს. ბოლო დროს, „ფრონტერა“ გახდა მახრჩობელა რეგულაციებისა და შეზღუდვების სამიზნე და ახლა საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაძლო ექსპროპრიაციის წინაშეა. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ანალოგიური გზით განდევნეს კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიაში პორტს აშენებს, რამაც პროექტი შეაჩერა.
ეს გართულებები და წინააღმდეგობები ღრმად აღინიშნება გეოპოლიტიკური შედეგებით, „ფრონტერას“ ენერგორესურსების აღმოჩენის სამუშაოს მიზანი იყო, რომ საქართველო გამხდარიყო სტაბილური და ენერგოდამოუკიდებელი. ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მიმართული იყო რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებისკენ.
მეტიც, კანონიერი ბიზნესის გაძევების შემდეგ, მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა. ქართული ბიზნესი და საქართველოს ფინანსური სისტემა წლების განმავლობაში ცნობილი იყო სანქციებზე მომუშავე ამერიკული მაღალჩინოსნებისთვის, როგორც ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციების გვერდის ავლის საშუალება, ჯერ კიდევ 2013 წლიდან, როდესაც ჩვენი ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტზე კონტროლი მოიპოვა და იყენებდა მას ფულის გადასაადგილებლად დამატებით საქმიანობასთან ერთად, რომელიც დაკავშირებული იყო ფულის გადაცვლასთან, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ კომპანიებთან და ავიახაზთანაც კი. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია მის მრავალრიცხოვან პორტებთან ერთად ხდის მას იდეალურ სამიზნედ ირანელებისთვის. მართლაც, ბოლო დროს გავრცელებული ცნობები მეტყველებს იმაზე, რომ ბათუმის პორტი კვლავ წარმოადგენს სამიზნეს ირანის უკანონო ნავთობსაქმიანობისთვის.
ჩვენ ვითხოვთ ბრიფინგს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე:
· ჩართულია საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით კანონიერი ამერიკული ბიზნესის განდევნის ძალისხმევაში.
· მოტივირებული ნებისმიერ მსგავსი საქმიანობა გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მთავრობას შორის კავშირების შესახებ ცნობები.
· აყენებს საფრთხეს საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა მნიშვნელოვან ამერიკული ეროვნულ ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში.
საქართველო კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორია და ნატო-ს ასპირანტი მოკავშირეა. სამხედრო თვალსაზრისით, ქართველებმა ავღანეთში ჩვენი მისია უზრუნველყვეს რესურსებით. გეოგრაფიულად, ქვეყანა სთავაზობს მნიშვნელოვან მარშრუტს ვაჭრობისა და ენერგეტიკისთვის კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე. აშშ-საქართველოს საიმედო პარტნიორობა ამერიკის ინტერესების საჭიროებებში შედის, რაც თავის მხრივ, ითხოვს, რომ საქართველო მიუბრუნდეს და განავითაროს კარგი მმართველობა.
ჩახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები საჭიროებს ფართო რეაგირებას ფედერალური მთავრობის მხრიდან და, როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ რესურსის მიწოდება, რომელიც გჭირდებათ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია წერილში.