სენატორმა ტედ კრუზმა ენტონი ბლინკენს მიმართა - თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც უნდა იყოს რაციონალური ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის, ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის და თავს ესხმის მათ
სენატორმა ტედ კრუზმა ენტონი ბლინკენს მიმართა - თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც უნდა იყოს რაციონალური ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის, ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის და თავს ესხმის მათ

ტეხასის შტატის სენატორი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ გამოიწვია. განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

ტეხასის სენატორმა მწვავედ გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.

„თქვენ ხელმძღვანელობთ თანამედროვეობის უმძიმეს საგარეო პოლიტიკურ კატასტროფას. როდესაც ჯო ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, მან მემკვიდრეობით მიიღო მშვიდობა და კეთილდღეობა მსოფლიოში. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ომი ერთდროულად: ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველაზე საშინელი ომი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში. მჯერა, რომ ორივე ომი გამოიწვია ამჟამინდელი ადმინისტრაციის თანმიმდევრულმა სისუსტემ. თქვენი საგარეო პოლიტიკა ზუსტად ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის. ეს ადმინისტრაცია ჩვენი მტრების მიმართ მუდმივად ავლენს სიმშვიდეს და მილიარდობით დოლარი გადაურიცხა ამერიკის მტრებს, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ“, – განაცხადა სენატორმა.

ამავე გამოსვლაში ტედ კრუზმა აღნიშნა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო ნიუ იორკში მდებარე გაერო-ს შენობაზე დროშა დაუშვეს, რაც, სენატორის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის სამარცხვინო ფაქტია და აშშ-ის ლიდერობის დეფიციტის მაჩვენებელია.

ამასთან, სენატორმა თავის სიტყვაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმების სურვილში დაადანაშაულა.

„ამჟამინდელ ადმინისტრაციას სასოწარკვეთილად სურს ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმება. ირანის დაფინანსება ოფისში ყოფნის პირველივე დღიდან დაიწყეთ. ექვსი მილიარდი დოლარი, რომლის გადაცემასაც ირანისთვის ითხოვდით, ამ დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილია. თქვენ უარი თქვით ნავთობზე სანქციების აღსრულებაზე, შედეგად კი ირანული ნავთობის გაყიდვა გაიზარდა. „ჰამასის“ დაფინანსების 90 პროცენტი ირანიდან მოდის. პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ და პრეზიდენტმა ბაიდენმა დააფინანსეთ ირანის მარიონეტი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და ეს გააკეთეთ ასი მილიარდი დოლარის გადაცემით მკვლელი გენოციდური რეჟიმისთვის ირანში, რომელმაც ეს თავდასხმა დააფინანსა. თქვენ დააფინანსეთ ჩვენი მტრები, ძირი გამოუთხარეთ მეგობრებს. ჩვენი დღევანდელი მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა თქვენი ადმინისტრაციის გამო და ამერიკელები უფრო დიდ საფრთხეში არიან“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა.