არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „მასდარი“ საქართველოში 96 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა.
„დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გვქონდა ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე. იცით, რომ მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს ხოლმე სამ ეტაპად. ეს არის კონცეფციის ეტაპი, შემდგომში არის დეტალური შესწავლისა და სამშენებლო ეტაპები. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე განხილული გვქონდა, რამდენიმე პროექტი კი პირველად წარვადგინეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ჰიდროენერგეტიკული პროექტი წარვადგინეთ მთავრობაზე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, მზის ენერგეტიკის პროექტი. ეს არის დაახლოებით 100 მეგავატამდე სიმძლავრის საკმაოდ მსხვილი პროექტი. მას, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად, განახორციელებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „მასდარი“, რომელსაც განსაკუთრებული სპეციალიზაცია ენერგოსექტორში გააჩნია. ეს იქნება დაახლოებით 96 მეგავატი, ანუ თითქმის 100 მეგავატი. თითქმის 100 მილიონ დოლარამდეა ინვესტიცია, რომელზეც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება. წინასწარი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოხდა ტარიფის დაზუსტება, ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, არაერთი შეხვედრა უშუალოდ მე მქონდა ინვესტორ კომპანიასთან. ეს არის გლობალურად ყველაზე ცნობილი ინვესტორი განახლებად ენერგიებში, განსაკუთრებით, მზის ენერგიებში, რომელიც, მათ შორის, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქტიურად აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, ზოგიერთ ქვეყანაში დაწყებული აქვს პროექტები და საქართველოში ამ პროექტის განხორციელებას ექნება დიდი მნიშვნელობა. ეს არ იქნება ერთი ინდივიდუალური პროექტი, არამედ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ინვესტორის შემოყვანის საკმაოდ კარგი წინაპირობა. ვფიქრობ, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი გარდაბანში, სოფელ ახალ სამგორში განხორციელდება.
„მთავრობის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება დაევალება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი. ელექტროსადგურის პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი – 86,935 მლნ. აშშ დოლარი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული რამდენიმე ენერგეტიკული პროექტი. მზის ელექტროსადგურის გარდა, განხილული იქნა ქარისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტები.
„მთავრობის წევრებმა იმსჯელეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და შპს „ვინდ ფარმს“ შორის „ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს „ვინდ ფარმს“ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „ქსნის ქარის“ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. პროექტის განხორციელება იგეგმება კასპის მუნიციპალიტეტში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 173,5 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი – 59,4 მლნ. აშშ დოლარი.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯის“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი – 4,389 მლნ. აშშ დოლარი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.