5 მაისს საქართველოში ტრადიციულად, ევროპის დღე აღინიშნება. ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობით, ევროკავშირში მოგზაურობა იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, წარმოდგენილი იქნება აქტივობები და პროგრამები, რომლებსაც ისინი საქართველოში ახორციელებენ.
ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება მუსიკალურ ნომრებით, საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენებით. შესაძლებელი იქნება ევროპული და ქართული კერძების დაგემოვნება. ღონისძიების კულმინაცია იქნება საღამოს კონცერტი ნინო ქათამაძის, ჯგუფი „ინსაითისა” და გერმანული „ვოისის“ გამარჯვებულის, ნათია თოდუას მონაწილეობა.
ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და თბილისის მერიის საერთო ინიციატივაა და ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან,პარტიორებთან თანამშრომლობით.