საქართველოში 5-8 ივლისს ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავარაუდევია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, მცირე მდინარეებზე კი, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოშობა და გააქტიურება მოხდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში სავარაუდოდ უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც ღვარცოფული პროცესების განვითარება გამოიწვია.
სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.