საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 238 მოქმედი პარტიაა, მათგან შვიდი წელს დაფუძნდა.
ახალ პარტიებს შორისაა „კანონი და სამართალი“ (თავმჯდომარე – თაკო ჩარკვიანი), „სამართლიანობისთვის“ (თავმჯდომარე – ეკა ბესელია), „იბერიელთა ერთობა“ (თავმჯდომარე გიორგი წიპტაური), „სოციალური სამართლიანობისთვის“ (თავმჯდომარე – მამუკა ტუსკაძე), „საქართველოს დამცველთა ერთობა“ (თავმჯდომარე – გელა ტყეშელაშვილი), „პოლიტიკური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველო“ (თავმჯდომარე – ირაკლი ოქრუაშვილი) და ახალი ძალა (პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე – ლაზარე ზაქარიაძე).
რეესტრში ჯერ არ არის პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც გუშინ დაფუძნდა. სიაშია „ახალი მემარჯვენეები“, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა, პარტიის ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით კი, ფუნქციონირებას შეწყვეტს.
პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრი 1997 წლიდან იწარმოება. სიაში 250 პარტიაა, მათგან 12 ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის გამო რეესტრიდან ამორიცხულია.