პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდეს
პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდეს

პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს.

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.

მოქმედ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, თუ პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

გარდა ამისა, პროექტით, პოლიტიკური პარტიის, ასევე გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება შემდეგი უფლებამოსილებები – განახორციელოს ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან, სხვა სუბიექტისგან ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის გამოთხოვა. ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის ან გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და ხარვეზის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო სხვა სუბიექტის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.